უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა თვითნებურად მიმდინარეობს - TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა თვითნებურად და უსამართლოდ მიმდინარეობს.

"2021 წლის 17 ივნისს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა და შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა. კანდიდატების შერჩევის მიზნით საბჭოში მიმდინარე პროცესი არსებითად პრობლემური იყო, რადგან საბჭოს წევრების შეფასებები აჩენდა არათანმიმდევრულობის, კანდიდატების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულების და შაბლონურობის შთაბეჭდილებას.

მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გავლენებისა და კორპორატივიზმის შესახებ წლებია აქტიურად საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო აქტორები და დარგის სპეციალისტები. კლანური ძალაუფლების და სასამართლო სისტემის მანკიერი მართვის მთავარი ღერძი იუსტიციის უმაღლეს საბჭოშია მოქცეული, რომლის გავლითაც წარიმართება ყველა მნიშვნელოვანი პროცესი სასამართლოში. სისტემაში არსებული მძიმე პრობლემები პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ ნდობაზე. ბოლო წლების გამოკითხვები აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მკვეთრ გაუცხოებას და ნდობის აშკარა კრიზისს", -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია ავრცელებს.