ორბიტაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომწოდებელი 52 თანამგზავრი აიტანეს - VIDEO

ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა აეროკოსმოსურმა კომპანია - SpaceX-მა რაკეტა - Falcon-9-ის მეშვეობით, დედამიწის ორბიტაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მომწოდებელი Starlink-ის 52 თანამგზავრი აიტანა.

Starlink - გლობალური მასშტაბის თანამგზავრული სისტემაა, რომელიც კომპანია SpaceX-ის ტექნოლოგიებით ხორციელდება და განკუთვნილია მაღალი ხარისხის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დედამიწის ისეთ რეგიონებში, სადაც ის არ არის, გამართულად არ მუშაობს ან ძალიან ძვირია.

გაფრენა ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან 2021 წლის 16 მაისს განხორციელდა 02:54 სთ-ზე თბილისის დროით. რაკეტის ბორტზე ასევე მოთავსებული იყო კომპანია Tyvak-ის ნანოთანამგზავრი და Capella Space-ის რადიოლოკაციური თანამგზავრი. ინფორმაციას space.com ავრცელებს.

2021 წელს კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon-9-ით კოსმოსში უკვე რიგით მეთხუთმეტე გაფრენა განახორციელა . Falcon-9 მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდია, რომელიც დიდ დატვირთვებზეა გათვლილი და მცირედი რემონტების ხარჯზე, მისი მრავალჯერადად გამოყენება შეიძლება. 

ვიდეო : NASASpaceflight