30 წლის წინ დაშვებულ შეცდომებს ვიმკით - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ ქვეყანა 30 წლის წინ დაშვებულ შეცდომებს იმკის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩვენი გამოუცდელობით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ბევრი ცუდი დავმართეთ სამსობლოს. 

„განვლილი წლები, ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია, რა თქმა უნდა, უამრავი კარგი მოვლენის, მიღწევის, ფასდაუდებელი გამოცდილების გამო, ძალზე ძვირფასია ჩვენთვის, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენ, ხალხმა, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით. რა თქმა უნდა, არსებობენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, როგორც შიდა და გარე მტრებიც, ობიექტური სიძნელეებიც, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდილეობით, ზოგიც უმეცრებით, შეგნებით თუ შეუგნებლად, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს ამ 30 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.