ბაქრაძე: იყოს "ოცნება" ოღონდ მიიღოს ხალხის რეალური მანდატი

ყველას კარგად გვესმის რომ ამ კრიზისის ფონზე აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხალხის ნდობის მანდატი და არა თამარ ჟვანიას ნდობის მანდატი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ელჩებს ნამდვილად სურთ მიღწეული იქნას შეთანხმება და საქართველო გამოვიდეს კრიზისიდან.

"გვქონდა შინაარსობრივი დისკუსია, სად შეიძლება გადიოდეს კომპრომისის ხაზი იმ ჩიხიდან, სადაც დღეს ვართ. ელჩებს ნამდვილად სურს მიღწეული იქნას შეთანხმება და საქართველო გამოვიდეს კრიზისიდან.  ყველას კარგად გვესმის რომ ამ კრიზისის ფონზე აუცილებელია ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ექნება ხალხის ნდობის მანდატი და არა თამარ ჟვანიას ნდობის მანდატი. ახლა ბურთი არის ხელისუფლების მხარეს. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი, რომ საზოგადოების ინტერესშია ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. შეთანხმება ვერ იქნება - მოდი დავივიწყოთ არჩევნების შედეგები და შევიდეთ პარლამენტში.  ხელახალი არჩევნების ლეგალური შესაძლებლობა აღარ არსებობს, ამიტომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

საერთაშორისო მეგობრები ცდილობენ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ გზას ავირჩევთ კრიზისის განსამუხტად. კრიზისის განმუხტვის გზა გადის არჩევნებზე, სადაც გაირკვევა ვის აქვს ხალხის მანდატი რეალურად. საზოგადოების გამთლიანების გზა, ყველა ნორმალურ ქვეყანაში გადის არჩევნებზე. იქნება ოცნება, იყოს ოცნება, ოღონდ მიიღოს რეალურად ხალხის მანდატი," - განაცხადა დავით ბაქრაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ.