დაუჭერს თუ არა მხარს ზურაბ ჯაფარიძეს "ნაციონალური მოძრაობა"

"მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი," - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმამა ხატია დეკანოიძემ, "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე, დიდუბე-ჩუღურეთში აპირებს კენჭისყრას.

მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძე კარგი კანდიდატია და მას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ მაჟორიტარულ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სახელით წარსდგება.

"ზურა ჯაფარიძე ნამდვილად კარგი კანდიდატია. მისი კონკურენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან გია ვოლსკი ნამდვილად წარმოადგენს იმის განსახიერებას როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი. იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი. ზოგადად მივესალმებით იმ შემთხვევას, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე იქნება წარმოდგენილი დიდუბე-ჩუღურეთში როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი. თუ ოპოზიცია ჩამოყალიბდება, რომ დანარჩენ 2 ოლქშიც იყოს გაერთიანებული კანდიდატის მხარდაჭერა, ამ ჭრილშიც გვექნება კონსულტაციები პარტიებთან და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსთან - პოლიტსაბჭოსთან. ზურა ესაუბრება მათ შორის ჩვენს ლიდერებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ „გირჩთან“ შესაძლო კოორდინაციაზე და უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება," - განაცხადა დეკანოიძემ.