დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგას ესაუბრა

2020 წლის 17 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათი ცნობით, დავით ზალკალიანმა აზერბაიჯანელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

დავით ზალკალიანი დაინტერესდა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მიმდინარე ესკალაციით და კოლეგისგან მოისმინა ინფორმაცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი ვითარების ესკალაციის გამო და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ალტერნატივა არ გააჩნია.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო მექანიზმების, კერძოდ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის აქტიური ჩართულობით შესაძლებელი იქნება სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში დაბრუნება და სიტუაციის განმუხტვა.