დღეს პარლამენტში რიგგარეშე სხდომა გაიმართება

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს შეთანხმდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

რიგგარეშე სხდომა დღეს 12 საათისათვის დაიწყება.