ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს - პრემიერი

ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა, რომ ქვეყნებმა გაზარდონ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

„მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიწყებ ვიზიტს. მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით დღეს მიმართავს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხესთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.