ფრიდონ ინჯია მუდმივად გვაწვდიდა ინფორმაციას, რომელსაც საგამოძიებო კომისიას გადავცემთ - ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, პარლამენტში შესვლის შემდეგ ფრიდონ ინჯია, ირაკლი კობახიძის დავალებებს ასრულებს და პირდაპირ თუ ირიბად საუბრობს იმაზე, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. 

ინაშვილის თქმით, არჩევნებს დასრულების შემდეგ, ფრიდონ ინჯია იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა მათთან სმს-ების საშუალებით, რომლებსაც ის საგამოძიებო კომისიას გადასცემს. 

"პარლამენტში რომ აღმოჩნდა ბატონი ფრიდონ ინჯია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ბარიერი მან გადალახა. ბარიერი გადალახა ამ გაყალბებული არჩევნების ფონზე "პატრიოტთა ალიანსმა". ჩვენი დამსახურების გამოა რომ ბატონი ფრიდონი დღეს იქ ბრძანდება და ძალიან სამწუხაროა, რომ შევიდა თუ არა, მაშინვე დაიწყო კობახიძის დავალებების აღსრულება. სრულ მორჩილებაში აღმოჩნდა ბატონ კობახიძესთან. პირდაპირ თუ ირიბად ბატონი ფრიდონი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს არ გაყალბებულა არჩევნები.

მე დეტალურ ინფორმაციას ვფლობ ყველაფერზე. არავის არ ეგონოს, რომ არ ვიცი რა ხდებოდა, ან არჩევნებამდე, ან არჩევნების პერიოდში. არჩევნების გაყალბების შესახებ ბატონი ფრიდონი იმდენად ბრაზობდა და ისე იყო აღშფოთებული, რომ ჩვენ მუდმივად გვაწვდიდა ინფორმაციებს და ახლა რა სმს-ებს გვიგზავნიდა გადავუგზავნი საგამოძიებო კომისიას, რომელიც მუშაობს. ეს კომისია ჯერ ერთი ბლეფია და აბსოლუტურად ჰაერია. ბევრი სმს-ია ასეთი", - განაცხადა ირმა ინაშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.