გოცირიძე: ეს არის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება

"ჯანდაცვის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.

რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობისთვის შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლების მინიჭება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას შეიძლება. 

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ შემზღუდავი ღონისძიებები წინასაარჩევნოდ გამოიყენოს.

"ეს არის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება. მთავრობისთვის ასეთი უფლებების მინიჭება შეიძლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს. წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ხელისუფლება აღჭურვილი იქნება ყველა ბერკეტით, მათ შორის, ადმინისტრაციული და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს "ქართული ოცნების" მიერ ამ საკანონმდებლო ცვლილების წინასაარჩევნო პერიოდში გამოყებების სერიოზული რისკი. დაუშვებელია მისი მიღება, ვინაიდან ასეთ პირობებში საეჭვო ხდება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება.

პირველ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი თვით (15 ივლისამდე) იყო მთავრობისთვის მინიჭებული ეს უფლება. ახლა, წლის ბოლომდე, მთავრობის ამ უფლებებით აღჭურვა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა სახის მანიპულაციების ჩატარების შესაძლებლობა ექნება პანდემიის საბაბით," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს.