"ივანიშვილს უნდოდა ხაზარაძის დასჯა და მისი რეპუტაციის შელახვა" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის რეპუტაციის შელახვა სურდა და "რაღაც დონეზე მიაღწია".

"ყველამ იცის ჩემი მამუკა ხაზარაძისადმი დამოკიდებულება, მაგრამ ამის მიუხედავად მიმაჩნია, რომ იყო თითიდან გამოწოვილი, ყურით მოთრეული ბრალდება. ასეთ გადარიცხვებს ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული ვარ, დღეში ათს აკეთებს და შეგვიძლია დავიბაროთ და ვატაროთ პროკურატურაში.

რა თქმა უნდა, მიზანი იყო აბსოლუტურად სხვა, მიზანი იყო დისკრედიტაცია მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და რაღაც დონეზე ამას მიაღწიეს. კარგი იქნება თუ არც პროკურატურა გაასაჩივრებს და არც ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ გაასაჩივრებენ და ეს თემა დაიხურება იმიტომ, რომ ისედაც ყველასთვის ნათელია, რა იყო. ბიძინა ივანიშვილს უნდოდა დასჯა ხაზარაძის და მისი რეპუტაციის შელახვა და რაღაც დონეზე მიაღწია, რაღაც დონეზე ვერ მიაღწია. ვამბობთ "ქართულ ოცნებას" ვგულისხმობთ სასამართლოსაც და პროკურატურასაც, ეს მოცემულობა გვაქვს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.