კახაბერ კუჭავა ევროპარლამენტის კომიტეტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, 20-24 იანვარს, ბრიუსელს ეწვევიან. ისინი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას. სხდომაზე, სადაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილება, კუჭავა მოხსენებით გამოვა. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ ჰაიდი ჰაუტალასთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ ანდრიუს კუბილიუსთან, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტიან ტერესთან და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე რასა იუკნევიჩიენესთან გამართავს.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტარებთან - ურმას პაეტთან, ანდრეა ბოცსკორთან და რაინჰარდ ბიუტიკოფერთან.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ბრიუსელში მოქმედი აკადემიური წრეებისა და Think-Tanks წარმომადგენლებთან გამართავენ.