კობახიძე: მათ ინტერესში არ შედიოდა 25-მეტრიანი რადიუსი

"ძალიან მარტივია ის, თუ რატომ გასცეს ასეთი პასუხი “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა ჩვენს შეთავაზებას. ისინი პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც იკავებენ რადიუსს საარჩევნო უბანთან,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საარჩევნო უბნებთან 25-მეტრიანი რადიუსის დაწესებასთან და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციისთვის მემორანდუმის შეთავაზებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდიან ინფორმაციას.

"მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა. ჩვენ გავაკეთეთ საჯარო შეთავაზება, თუმცა ამაზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი. ლოგიკურია ის, რომ მათ ინტერესშია ის ვითარება, რომელიც არის საარჩევნო უბნების გარშემო. ბუნებრივია, ამ ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც იმიტომ, რომ ჩვენ მანამდე ვეუბნებოდით მათ, რომ სწორედ “ნაცმოძრაობა” უშლიდა ხელს 25-მეტრიანი წესის დაცვას და ეს ძალიან მარტივად გამოაშკარავდა იმ პასუხებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ.

ძალიან მარტივად გაიყიდნენ. მათი მოთხოვნა იყო თითქოს 25-მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის აკრძალვა, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაკეთება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი “ტრიუკით” ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ. მზად ვართ, რომ დავიცვათ 25-მეტრიანი რადიუსის წესი და ვურჩიოთ ჩვენს აქტივისტებს და მივცეთ მითითება, რომ არ დადგნენ 25-მეტრიან რადიუსში, თუმცა გამოამჟღავნეს უკვე “ნაცმოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ასეთი წესის დადგენას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას შესთავაზა მემორანდუმის გაფორმება 25-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც, არჩევნების დღეს ყველა პარტია პასუხისმგებლობას აიღებდა 25 მეტრის რადიუსში ადამიანების დგომაზე.