კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო ოცეულშია

კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო კვლავ ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხით კი, მსოფლიოში პირველია. შესაბამისი კვლევა – „კორუფციის რისკის მატრიცა“ – „Trace International“-მა გუშინ გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეიტინგში საქართველოს შეფასება წინა წელთან შედარებით 1 ქულით გაუმჯობესდა და 25 ქულით 194 ქვეყანას შორის 28-ე პოზიცია დაიკავა, ხოლო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა. ამ შეფასებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: იტალიას, ლატვიას, პოლონეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, ჩეხეთს, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, კვიპროსს, მალტას.

,,საუკეთესო შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ ქვეკომპონენტში, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი“. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია – ის მსოფლიოში პირველ ადგილზეა.„Trace International“ ქვეყნებს აფასებს კორუფციის საფრთხის მიხედვით, საბოლოო შედეგი კი, 4 კომპონეტსა და 9 ქვეკომპონენტს ემყარება. თითოეული ქვეყანა 1-დან 100 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა კორუფციის დაბალ დონეს/არარსებობას მიუთითებს, ხოლო 100 ქულა – კორუფციის მაღალ რისკს.

ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მონაცემები აქვს საქართველოს სხვა ინდიკატორებშიც. კერძოდ:

- მთავრობასთან ბიზნესის ურთიერთკავშირის კომპონენტი – 17 ქულა. ამ მონაცემებით ჩვენი ქვეყანა უსწრებს კანადას, იაპონიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, აშშ-ს, ავსტრიას, ბელგიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას, პოლონეთს და სხვ.

შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციის დაბალი ხარისხი (1 ქულა), კორუფციის დაბალი მოლოდინი (35 ქულა) და დაბალი მარეგულირებელი ტვირთი (28 ქულა);

- ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და აღსრულების კომპონენტი – 39 ქულა. ამ მონაცემებით საქართველო უსწრებს საფრანგეთს, მალტას, რუმინეთს, ლატვიას, სომხეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, ბელარუსს, აზერბაიჯანს, უკრაინას, უნგრეთს, თურქეთს, მოლდოვას, რუსეთს და სხვ.

შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: ანტიკორუფციული კანონმდებლობისა (36 ქულა) და კანონმდებლობის აღსრულების ხარისხი (42 ქულა);

- „მთავრობისა და საჯარო სერვისების გამჭვირვალობა“ – 26 ქულა. ამ მონაცემებით საქართველო უსწრებს ლატვიას, იტალიას, მალტას, ჩეხეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ხორვატიას, სომხეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინას და სხვ.

შეფასება ემყარება შემდეგ ინდიკატორებს: მთავრობის გამჭვირვალობა (27 ქულა) და გამჭვირვალე საჯარო სერვისები (24 ქულა)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.