ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში ხვალ საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ხვალ ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ხმის მიცემის პროცესი 7 საარჩევნო უბაზე 08:00 საათზე დაიწყება. საერთო ჯამში, ამ უბნებზე 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია.

არჩევნებს 10 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 76 და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის 5 დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტებულია 15 მედიაორგანიზაციის 221 წარმომადგენელი. არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 37 წარმომადგენელი.