მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. 

პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია, სახელმწიფო მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც.

საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.