მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს! - გახარია "იმედს" მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედს“ მიმართავს და ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერის დათმობას მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს.

„მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!

ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.