NATO-ს სამხედრო კომიტეტი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს ესტუმრა

ადმირალ რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ვიზიტით NATO-ს სამხედრო კომიტეტი ეწვია. 

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოში უკვე მეოთხედ იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს კრწანისში, NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა უმასპინძლა.

ცენტრის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი და მშენებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სისტემები გააცნო.

სტუმრებმა ცენტრში მიმდინარე ეროვნული და მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლებები - "დიდგორი 2021" და MAPLE ARCH პირადად დაათვალიერეს.

ონლაინ რეჟიმში თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივ სწავლებას Eternity 2021 და დამკვირვებელ-მაკონტროლებელის საერთაშორისო კურსის მიმდინარეობასაც დააკვირდნენ.

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. 

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

"ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.