პრეზიდენტმა ჩემი საუბრიდან ყველაფერი გაიგო - იაგო ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მას აქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაედება.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ თემას მნიშვნელოვნად აღიქვამს.

"ადმინისტრაციულ კანონში ადამიანის უფლებების შემზღუდავი და სისტემის უფლების გამაფართოებელი კანონი შემოდის. პოლიციელის უფლებები ფართოვდება. ფაქტობრივად,"ქართულმა ოცნებამ" გამოდის, რომ მოასწრო ამის ცვლილება, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ყველგან გამოვთქვი ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა. შემდეგ პრეზიდენტი "ფეისბუქზე" "დავთაგე" და მოვუწოდე, რომ ეს კანონპროექტი შეეჩერებინა, რადგან შარლ მიშელის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო. თუმცა უტაქტოდ გამოვიდოდა მეკითხა, რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით - თქო. განწყობების სპეციალისტი მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია განვიხილო, რაღაც ქცევა ზოგადად ლოგიკასთან მიმართებით. ის თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება", - განაცხადა ხვიჩიამ " პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. 

ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.