რას გეგმავს ოპოზიცია პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად

ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციის მხრიდან აქციები და  პიკეტირება არ განიხილება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, საპარლამენტო სხდომის პარალელურად, დეპუტატები, რომლებიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედიან, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერენ.

''ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის პარალელურად ოპოზიციის მხრიდან აქცია, პიკეტირება და ამგვარი ფორმატების პროტესტი არ განიხილება. დღევანდელი შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა, სადაც უნდა გაიარონ ის დეტალები, თუ როგორ გაიმართება ოპოზიციის შეხვედრა პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად. სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკალარაციას, ასევე ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედის, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს. მათ შორის, დასალაგებელია ლოჯისტიკური და საორგანიზაციო დეტალები და ამ ყველაფერს ყველა პარტია ერთად გავივლით“, - განაცხადა უდუმაშვილმა.