რომან კაკულია და ირაკლი ბერაია - რომელ კომიტეტებს ჩაიბარებენ დეპუტატები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, რომან კაკულია ჩაიბარებს. ამის შესახებ report.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

ცოტა ხნის წინ კი, უმრავლესობის წევრმა, გაგა კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაკანტურ საპარლამენტო თანამდებობებზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს და კანდიდატების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

"მიმდინარეობს გუნდში კონსულტაციები და ძალიან მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე მსჯელობის საჭიროება გვქონოდა, მაგრამ "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს უმრავლესობის რიგები და ასევე დაკავებული თანამდებობები. ამიტომ, ჩვენ ბუნებრივია, უნდა ვიფიქროთ, ვინ იქნებიან მათი შემცვლელები. რეგლამენტის მიხედვით, ცხადია, გათვალისწინებულია გარკვეული ვადები. კომიტეტების თავმჯდომარეებთან მიმართებით ეს არის ერთ კვირიანი ვადა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ ან ფრაქციებმა უნდა დაასახელონ შესაბამისი კანდიდატები. ამიტომ, რეგლამენტით გათვალისწინებულ ვადებში დავასახელებთ კანდიდატებს" - განაცხადა კახიანმა. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სოფიო ქაცარავა, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავა ხელმძღვანელობდა. 

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ. 15 ნოემბერს კი "ქართულ ოცნებას" ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებიც გამოეთიშნენ. ესენი არიან ზვიად ძიძიგური, გიგა ბუკია, და ნინო გოგუაძე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი. აღნიშნული ხმები კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.