რომელ პარტიას რამდენი საპარლამენტო მანდატი აქვს ამ დროისთვის

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით: 

პარტიას "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 74 საპარლამენტო მანდატი აქვს. აქედან 61 პროპორციული სისტემის მიხედვით მიიღო, რადგან არსებული შედეგებით მან ხმების 48.22% აიღო. ამასთან. 13 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებით მოიპოვა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია" 35 მანდატს ფლობს. პარტიამ ხმების 27.17% მიიღო. 

"ევროპული საქართველოს" შედეგი 3.79%-ია, რაც საკანონმდებლო ორგანოში 5 დეპუტატს ნიშნავს. 

საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლი" უფლებამოსილია პარლამენტში 4 დეპუტატი შეიყვანოს, რადგან მათ 3.15% მიიღეს. 

პარლამენტში 4 მანდატი აქვს "პატრიოტთა ალიანსს". პარტიამ 3.14% მიიღო. 

4 დეპუტატის შეყვანის საშუალება აქვს პარლამენტში "ლელოს", რომელმაც 3.14% მიიღო. 

"გირჩის" შედეგი 2.89%-ია, რაც პარტიას  საკანონმდებლო ორგანოში 4 დეპუტატის შეყვანის საშუალებას აძლევს.

2 წარმომადგენლის ყოლის საშუალება აქვს პარტიას „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ . მან 1.33% მიიღო.

ხოლო "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას" ერთი საპარლამენტო მანდატი აქვს. პარტიამ 1% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. დღეს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რის შემდეგაც კიდევ 17 მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა გაირკვევა.