სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. 

ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა და ანგარიშში შესულ თემატურ მიმართულებებზე ისაუბრა.

სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველმა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გარდაცვლილი პატიმრების საქმეზე ისაუბრა, სადაც პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხი გამოიკვეთა. ხაზი გაუსვა ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობას, რაც პაციენტთა გარდაცვალებას იწვევს. მიმოიხილა გიორგი შაქარაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიების ხარვეზები.

აღნიშნა, რომ გაზრდილია ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მაჩვენებელი. კერძოდ, დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების შესახებ შესწავლილ 463 საეჭვო შემთხვევაში 34.3%-ში დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს - 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.