"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი და "გაერთიანებული ოპოზიციის" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კონკურენტის - ალეკო ელისაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, თუმცა, მოწვევის მიუხედავად, არცერთი სხვა კანდიდატი ღონისძიებას არ დაესწრო.
"გუშინ ალეკო ელისაშვილის წიგნის პრეზენტაციას დავესწარი ბუკიას ბაღში. საბურთალოს ყველა კანდიდატი დაგვპატიჟა და სტუმარ-მასპინძლობის წესიდან გამომდინარე მივედი. საინტერესო ღონისძიება იყო.
მეგონა პოლიტიკაში ცივილიზებულ ურთიერთობებზე გადასვლას საბურთალოს კანდიდატები მაინც შევძლებდით და შევუწყობდით ხელს.
სამწუხაროდ, ჩემს გარდა სხვა არცერთი კანდიდატი არ მოვიდა..."- წერს ოქრუაშვილი.