შემოსავლების სამსახურის უფროსი, თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს ესაუბრა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან რიზა თუნა თურაგაისთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ერთმანეთს COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

ლევან კაკავამ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ასევე სახელმწიფო საზღვრის ერთიანი მართვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესში. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას შეფერხება არ შექმნია.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები. დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება საგრძნობლად არის მომატებული. თურქეთ-ირანის საბაჟო გამშვები პუნქტის დროებით დახურვის გამო, შუა აზიის მიმართულებით გადაადგილება საბაჟო გამშვები პუნქტის „კარწახის“გავლით მიმდინარეობს, შესაბამისად გასულ წელთან შედარებით ტრანზიტული გადაზიდვები გაზრდილია“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.