შეწყალების მექანიზმის შემუშავებაში იუსტიციის სამინისტროც ჩაერთვება

შეწყალების ახალი მექანიზმის შემუშავებაში პარლამენტთან ერთად იუსტიციის სამინისტროც იქნება ჩართული - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხდა.

მინისტრის თქმით, შეწყალების პროცედურის ახალი სქემა დროულად უნდა შემუშავდეს.

"მთავარია, რომ შეწყალების პროცედურის პროცესი არ იყოს დროში გაწელილი პროცესი, რათა დროულად მოხდეს იმ პირების შეწყალება, რომლებსაც ახალი სქემის მიხედვით შეწყალება შეეხება. იუსტიციის სამინისტრო მზად არის, პარლამენტთან ერთად ჩაერთოს შეწყალების ახალ მოდელში. "- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შეწყალების რამდენიმე გახმაურებული ფაქტი. კერძოდ, პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთი 2009 წლიდან ძებნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან.