საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში ქვეყნის ახალი დელეგაციის შემადგენლობა. დელეგაციას გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს.
დელეგაციის მთავარ შემადგენლობაშია: გიორგი ხელაშვილი, კახა კახიშვილი და დავით მათიკაშვილი. სარეზერვო გუნდში იყვნენ ლევან მგალობიშვილი, კახაბერ კუჭავა და ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი 1997 წლის 10 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ოთხი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა) მონაწილეობით დაფუძნდა.
2006 წლის 22-23 მაისს, კიევში გამართულ სუამ-ის მორიგ სამიტზე, სუამ-ის გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი. ახალი ორგანიზაციის შექმნა ოფიციალურად გაფორმდა სუამ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის, ორგანიზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.