თალაკვაძე: შეთანხმებით მოიგო ქვეყანამ, საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის შემდგარი შეთანხმება აჩვენებს, რომ ქვეყანას პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება ჰყქვა. ამის შესახებ მან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

თალაკვაძის განცხადებით, 2018 წლის საკონსტიტუციო რეფორმით, პირველად საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სისტემა 2024 წელს უფრო დემოკრატიულით, პროპორციული მოდელით შეცვლილიყო. დღეს მიწეული შეთანხმება კი, ამ სისტემაზე გადასასვლელად მომზადებაა.

„ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებით, მოიგო ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ და რაც მთავარია, ხელისუფლებამ. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მოქალაქეებს და საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ საქართველოს პასუხისმგებლიანი და დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავს, რომლის უპირველესი პრიორიტეტი დემოკრატიის გაძლიერება და საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიული არჩევნების შეთავაზებაა.  შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ უკვე გადავდივართ ნორმალური მზადების პროცესში და უახლოეს პერიოდში მოხდება საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირება პარლამენტში, მივიღებთ თუ არა ამ ცვლილებას, საარჩევნო კამპანიაც ოფიციალურად დაიწყება“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.