თბილისში, აქციას თელავიდანაც შეუერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას, მოქალაქეები კახეთის რეგიონიდანაც შეუერთდებიან. ამ წუთებში მოქალაქეები თელავში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან იკრიბებიან.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელექსანდრე ძულიაშვილმა განაცხადა, ეს საპროტესტო მუხტი არ განელდება და საბოლოო ჯამში, საპროტესტო ტალღა, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

"საპროტესტო აქცია კანონის ფარგლებში წარიმართება, აქ დილიდან უამრავი ადამიანი მოვიდა, რომლებიც ჩვენი პარტიის მხარდამჭერები არ არიან და ისინი უკვე გაემგზავრნენ თბილისში. ეს ადამიანები შემოგვიერთდნენ და გვითხრეს, რომ დღე და ღამე იქნებიან ჩვენს გვერდით.

ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყნის მართვის საბჭოთა მეთოდებს, საბჭოთა მილიციას, რომლის ქმედებებიც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ და ამას ყოველდღიურადაც ვაწყდებით. არავის არ ეგონოს, რომ ეს მუხტი ჩაქრება ან განელდება. საბოლოოდ, ეს საპროტესტო ტალღა, ქართველი ხალხის გამარჯვებამდე მიგვიყვანს", - განაცხადა ალექსანდრე ძულიაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მსვლელობა "თავისუფლებისთვის" დაიწყება.