ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბელარუსში ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასა და ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩის დაკავებას ეხმაურება.

„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.