COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი ჩაერთვება

იაპონელი მეცნიერების ჯგუფის განცხადებით, მათ მიაღწიეს წარმატებას ხელოვნური ინტელექტის სისტემის შექმნაში, რომელსაც შეუძლია სწრაფად მოიძიოს მრავალი ქიმიური ნივთიერება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო შესაძლო წამლების შესაქმნელად. ამის შესახებ გამოცემა NHK წერს.

კიუშუს უნივერსიტეტის ბიორეგულაციის მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათმა პროგრამამ აღმოაჩინა შესაძლო წამალი კორონავირუსის სამკურნალოდ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირუსის სამკურნალო მედიკამენტების ძებნის ტრადიციული მეთოდები დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, განსხვავებით ხელოვნური ინტელექტისგან.

მეცნიერები ამბობენ, რომ მათმა პროგრამამ შეისწავლა პათოგენური ცილებისა და ქიმიკატების 2,5 მილიონზე მეტი კომბინაცია, რომელსაც შეუძლია ვირუსის ეფექტების შეზღუდვა.

ხელოვნურმა ინტელექტმა დაადგინა, რომ კოვიდის სამკურნალოდ უმჯობესია გამოყენებულ იქნას  პრეპარატი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა გლაუკომის სამკურნალოდ. კულტივირებული უჯრედების ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ პრეპარატს შეუძლია დაბლოკოს ვირუსული ინფექცია.