ჰაერის დაბინძურებით ყოველ წუთს 13 ადამიანი იღუპება - ჯანმო

კლიმატის ცვლილების შედეგები მრავალი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის  ეროვნული ვალდებულებები აუცილებელია. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებისა და ჯანმრთელობის შესახებ ანგარიშშია საუბარი.

”COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ ადამიანებს, ცხოველებსა და გარემოს შორის მჭიდრო კავშირია”, - განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა. 

ჯანმო-ს ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ გლაზგოში, კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის დროს, ქვეყნები გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო მტკიცე და ნათლად განსაზღვრულ მექანიზმებს წარადგენენ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე სერიოზული საფრთხეა. არავინ არის დაზღვეული ამ საფრთხეებისგან, მაგრამ მთავარი მსხვერპლი პლანეტის ყველაზე დაუცველი მოსახლეობაა. მხოლოდ ჰაერის დაბინძურებით, წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, ყოველ წუთს 13 ადამიანი იღუპება.

ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად ყველა სექტორში საჭიროა ინოვაციური მოქმედება, მათ შორის ენერგიის, ტრანსპორტის, კონსერვაციის, საკვებისა და ფინანსების სექტორებში.