ისრაელში 100%-ით ეფექტური კოვიდ პრეპარატი შექმნეს

ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა The Jerusalem Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა.

მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. 

„თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს", - ნათქვამია მოხსენებაში. 

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ტესტირება ჩატარდა როგორც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებში, ასევე  მძიმედ დაავადებულებში.

„იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტები, რომლებმაც  პრეპარატი მიიღეს რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ და გაწერეს, ტესტირება 100% წარმატებით დასრულდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

პრეპარატის მთავარი შემადგენელი კომპონენტი ამორფული კალციუმის კარბონატია (ACC). მედიკამენტი პერორალურად ან ინჰალაციის გზით მიიღება. იგი გავლენას ახდენს კორონავირუსის უჯრედებში შეღწევისა და გამრავლების უნარზე.