მტრედი მემორიალიდან ხელოვნურ ყვავილებს იპარავდა და ბუდეს იშენებდა

ავსტრალიის ქალაქ კანბერაში მტრედი სამხედრო მემორიალთან ხელოვნურ ყვავილებს იპარავდა, რათა ბუდე აეშენებინა. ის, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავიდან ყაყაჩოები ქრებოდა, თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში შეამჩნიეს.

თავდაპირველად მათ ეგონათ, რომ ამას ვანდალები აკეთებდნენ, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ ვიტრაჟთან წითელი ბუდე შენიშნეს.

მემორიალის თანამშრომლებმა ბუდეს სურათები სოციალურ ქსელში გაავრცელეს და დაწერეს, რომ ჩიტის შრომა გამძლეობის ერთგვარი სიმბოლოა, ყაყაჩოები კი ადამიანსა და ცხოველს შორის ბრძოლის ველზე არსებული კავშირის მინიშნებაა.