1000-მდე სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება - კალაძე

სოციალურად დაუცველი 1000-მდე სტუდენტი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ისარგებლებს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაფინანსებას მიიღებენ, ის სტუდენტები, რომელთა სოციალურად დაუცველთა სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია. 

" პანდემიის პირობებში ძალიან გაუჭირდათ ადამიანებს. თქვენ იცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ვირუსს, რომელსაც ვერ ვხედავთ და ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემები შექმნა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, შესაბამისად ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი და კარგი პროექტი განვახორციელეთ, იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, მხარდაჭერა და შესაბამისად, დღეს მინდა სიახლე მოგაწოდოთ სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან დაკავშირებით. კიდე ერთხელ ვიმეორებ და ხაზი მინდა გავუსვა, იმას რომ არავის პრობლემების წინაშე პირისპირ არ ვტოვებთ და მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

ახალგაზრდების თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, რომლის ცოდნა, განათლება, შესაძლებლობები უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის.

თქვენ იცით, რომ 2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ქულა, ან მასზე ნაკლები. მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი ინიციატივით და ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება, დაფინანსება გაიზრდება თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა, ან მასზე ნაკლები ქულა აქვთ. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი, ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება, როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ასევე მის სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე",- განაცხადა კახა კალაძემ.