112-ისა და შსს-ს ადმინისტრაციულ შენობებში დეზინფექცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-სა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისი მითითება სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო. 

როგორც  Report.ge-ს უწყებიდან აცნობეს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა "112"-ის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრებისა და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები. 

სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამუშაო სივრცე, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრი.

სამინისტროს ცნობით, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უწყების სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.