4 საათზე რომ დაიწყო ჩემი ცემა, დილის 8-მდე არ გაჩერდა - ნინუცა მაყაშვილმა დუმილი დაარღვია

12 აპრილს, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა, როდესაც, მისი თქმით, ყოფილი მეუღლე ფიზიკურად სისტემატიურად უსწორდებოდა, მათ შორის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადების შემდეგ. თუმცა, მსახიობი ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. 

„ძალიან რთული მოსაყოლია, როცა ამდენი ხანი ჩუმად ხარ. ჩუმად არა, უბრალოდ, არ ლაპარაკობ ამ ყველაფერზე. არასდროს მიფიქრია, რომ მე გავხდებოდი ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ეს შეეხებოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ვარდისფერი სამყარო იყო ჩემს გარშემო. არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ“.

მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო თუნდაც ის, რომ თეფში და ჩანგალი დროზე არ გამერეცხა. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ როცა, მაგალითად, წითელ შუქნიშანზე ვიდექი მანქანით და უბრალოდ მოწყენილი ვიყავი, ეთქვა, რომ მე ვარ უჟმური. მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ვინმე ბიჭი. ძალიან მარტივია, სუსტი დაჩაგრო, ძალიან მარტივია ხელი დაარტყა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს. ახლა ნერვები მეშლება, მაგრამ მაშინ სუსტი ვიყავი. ვპატიობდი იმიტომ, რომ მეშინოდა. ძალიან მეშინოდა, რადგან იყო რიგი მუქარები ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. ვერავის ვუყვებოდი, რადგან ძალიან რთულია ასეთ რამეზე ილაპარაკო. ბოლოს იყო, როცა ვთქვი, მიშველეთ“.

მსახიობის თქმით, სახლიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყოფილმა ქმარმა მისი ცემა რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეწყვიტა. 

„გასტროლებზე იყო წასული. ბავშვთან ერთად ბებიასთან ვიყავი. ღამის 4 საათზე ჩამოვიდა. ვთხოვე, ბავშვთან ერთად ვარ, დავრჩები და დავიძინებ-მეთქი. უარი მითხრა. მე და ბებია ვისხედით და ველოდებოდით. რომ ჩამოვიდა, ბავშვი გავაღვიძე, წავედით სახლში და დილის 4 საათზე რომ დაიწყო ცემა, დილის 8-მდე არ გაჩერდა. ერთადერთი, რისი თქმაც მაშინ შემეძლო, ეს იყო ჩემი შვილის სახელი, რომელიც გვერდზე ოთახში იყო და ტიროდა. როცა მივხვდი, რომ ჩემი შვილი იქიდან უნდა წამომეყვანა, მქონდა ზუსტად 15 წუთი სახლიდან გამოსაქცევად. ბავშვიანად ავიკიდე ექვსი ჩანთა. ტელეფონი არ მქონდა. მეზობლის დახმარებით გამოვიძახე ტაქსი. სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძალიან ცუდად მახსოვს, რადგან შეიძლებოდა გზაში შევფეთებოდი და თუკი დამინახავდა, მაშინ საოცრება მოხდებოდა. ტაქსის მძღოლს ვთხოვე, გაეღო კარი და ჩანთებიანად და ბავშვით შევწექი მანქანაში. მძღოლი გაკვირვებული მიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა. მოვიდა ჩემთან სახლში, მაგრამ მე უკვე ზურგში დედა მედგა“ - თქვა ნინუცა მაყაშვილმა.