700-მდე კლასი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

"ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემები იზრდება. განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას. მიმდინარეობს მონიტორინგი სკოლებში, გადაცდომების შემთხვევაში სკოლებს ეძლევათ გაფრთხილებები და რეკომენდაციები,"- აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დღებუაძე.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს.