"ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ" - კახა კალაძე

თუ წლების წინ კერძო ბაღები იყო პრივილეგირებული, დღეს, მათ სახელმწიფო ბაგა-ბაღები მაღალი ხარისხითა და ევროპული სტანდარტებით მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

"საამაყოა, ის სტანდარტი, რაც ბაგა-ბაღებში დაინერგა. ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას აქვს შესაძლებლობა, რომ განათლება ღირსეულ პირობებში მიიღონ. ეს სტანდარტები უმაღლესი ხარისხისაა. ყველა ბაღში გათვალისწინებულია ევროპული სტანდარტები - კვების კომპონენტი, გარემო, დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, 2018-2021 წლებში თბილისში 11 საბავშვო ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა.

ამავე პერიოდში, კეთილმოეწყო 56 ბაღის ეზო, ჩატარდა 20-მდე ბაღის ფასადის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა სააღმზრდელო ოთახები, შეიცვალა სახურავები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოებს, შენობები ადაპტირდა შშმ პირთათვის,მოწესრიგდა საპირფარეშოები და ჭურჭლის სამრეცხაოები, 100-მდე ბაღში მოწესრიგდა სათამაშო სივრცეები და გარე ინფრასტრუქტურა, ასევე, პირველად, საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე რაგბის ორიმინი სტადიონი მოეწყო.