ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს ჩაკეტვაზე - ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს გადააჭარბებს, შეზღუდვების გამკაცრებებზე საუბარი დაიწყება.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული რეგულაციების აღსრულებაზე გამკაცრებული მონიტორინგი მიმდინარეობს. 

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

17 აპრილის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: დღიური - 3.58%, ბოლო 14 დღის - 2.91%, ბოლო 7 დღის - 3.26%