არ მომკვდარა, ნინო მოკლეს - 24 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა

24 წლის ნინო გულიკაშვილი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა COVID19-ით მცხეთის საავადმყოფოში დაინფიცირდა, რადგან მათი მტკიცებით, კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღეს, რის შემდეგაც ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ფილტვები გაეთიშა.

გარდაცვალების შემდეგ, კლინიკა ამტკიცებს, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, რომლის შესახებაც პაციენტი არ იყო ინფორმირებული. ოჯახი კი ამბობს, რომ 24 წლის განმავლობაში გოგოს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია და მომხდარზე პასუხისმგებლობას საავადმყოფოს აკისრებს.

"მესამედ, რომ გაუკეთეს ტესტი მერე გვითხრეს, რომ ნინო კორონავირუსით იყო დაინფიცირებული. დაგვირეკეს, რომ ფილტვები გაეთიშა და გარდაიცვალა, გარდაცვალების მიზეზად გვითხრეს, რომ ჰქონდა შაქარი, რაც წლების განმავლობაში არ აწუხებდა, სიმპტომი არ ჰქონია. დედას მისწერა, რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წყალი უნდოდა, საღამოს საათები იყო და ექიმებს ეუბნებოდა წყალი მაინც შემომიტანეთო და არც ერთი ექიმი არ შედიოდა. ტუჩები სიმწრისგან დაწიანებული დასისხლიანებული ჰქონდა, ნაწამები იყო რომ ვნხეთ ცხედარი. სამართლიანობას მოვითხოვთ და რა თქმა უნდა ამას ასე არ დავტოვებთ. 24 წლის გოგო წამებით მოკლეს, არ მომკვდარა ნინო მოკლეს." - ამბობს გარდაცვლილი გოგოს ბიძაშვილი, მარიამ გულიკაშვილი

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური ხელმძღვანელის ლიკა მუმლაძის თქმით, ოჯახმა არ იცოდა, რომ ნინო გულიკაშვილს თანმხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. ექიმი უარყოფს, რომ პაციენტს მესამე ტესტი დასჭირდა ვირუსის დასადგენად. 

"მას არ ჰქონდა დადასტურებული შაქრიანი დიაბეტი. მათ არ იცოდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გოგონას ჰქონდა შაქრის მაღალი ციფრები. მე არ მსურს მისი ახლობლების არაკომპეტენტურ კომენტარებს ვუპასუხო. ამ დაავადებას ახასიათებს მძიმე გართულებები. მე არ შემიძლია ვილაპარაკო ჩემი კლინიკის ბრალეულობაზე. ოჯახის წევრებს შეულძიათ მოვიდნენ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავესაუბრებით, ავუხსნით. მას ერთხელ აქვს PCR ტესტი ჩატარებული და დადგინდა კორონავირუსი" - ამბობს ლიკა მუმლაძე.