არჩევანი მშობლებისთვის - სწავლა საკლასო ოთახის პარალელურად დისტანციურადაც გაგრძელდება

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ პირველი ოქტომბრიდან მისმა შვილმა ისევ დისტანციურად უნდა განაგრძოს სწავლა, მას ამის საშუალება ექნება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ეს არჩევანი ყველა კლასის მოსწავლის მშობელს ექნება. მისივე თქმით, ასეთი მშობლები განათლების სამინისტროს ვებგვერდზე შეძლებენ დარეგისტრირებას. 

„თუ მშობელს გადაწყვეტილი აქვს და ურჩევნია, რომ ბავშვმა სწავლა დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, მათ ამის საშუალება ექნებათ.

იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ უკვე საკლასო ოთახებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში, ხოლო გორსა და ფოთში უკვე ყველა კლასში, თუ მშობელს ურჩევნია, რომ ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურად, მათ ამის საშუალება ექნებათ და ეს პროცესი სკოლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დეტალებს, ყველა ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენი სამინისტროს ვებგვერდზე. ასეთი მშობლები დარეგისტრირდებიან ელექტრონულად და მათი შვილები გააგრძელებენ დისტანციურ სწავლას“,- აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

სკოლებში სწავლის განახლების პარალელურად, მშობლებს დისტანციური მოდელის არჩევის შესაძლებლობა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში ექნებათ.

რაც შეეხება აჭარის რეგიონს, მინისტრის თქმით, ყველა სკოლა დარჩება დისტანციურ რეჟიმში.