არჩევნებისას მომხდარ კანონდარღვევებზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო პროცესის პარალელურად მიმდინარე მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში N48-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს. 

ქალაქ ზუგდიდში, 84-ე საარჩევნო უბანზე მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

ბათუმში 64-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, ბათუმის პოლიციამ დაიწყო შესწავლა, რომლის ფარგლებში შედგა გასაუბრება მედიის წარმომადგენლებთან, მათ კუთვნილი ნივთები დაიბრუნეს და აგრძელებენ პროფესიული საქმიანობის შესრულებას.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო  მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.