ავარია რუსთავში - ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველის თქმით, მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს შეეჯახა, ძლიერი შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი ჯერ პარკინგზე მდგარ ავტომობილს, შემდეგ კი ბოძს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მიკროავტობუსს მგზავრები გადაჰყავდა.

ავარიის დროს მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.