ავტომობილის მისაბმელში ჩამალული მიგრანტი საქართველოს საზღვარზე დააკავეს

სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "ვალეში" თურქეთის და უზბეკეთის მოქალაქეები დააკავეს. სასაზღვრო პოლიციაში ამბობენ, რომ აღკვეთილია მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა.

"თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.თ.-ს განზრახული ჰქონდა საქართველოში მყოფი მიგრანტის, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანა თურქეთის მიმართულებით. განზრახვის აღსრულების მიზნით, ე.თ.-მ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილში, საბურავების ღერძსა და ჩარჩოს შორის მოათავსა ი.ი., რამაც მიგრანტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-344-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით.