აზერბაიჯანის საელჩომ რუსთავსა და გარდაბანში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა

აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში, რუსთავსა და გარდაბანში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და ქართულ მხარეს ამ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 200 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სასურსათო ნობათიც გადასცა. ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი ესწრებოდნენ. 

„კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას აზერბაიჯანელ ხალხს, ეს არის ურთიერთობისა და დახმარების საუკეთესო მაგალითი. ამ ჰუმანიტარულ აქციას თან ახლავს საინფორმაციო კომპონენტი ორენოვანი წარწერით და გაფრთხილება – დავრჩეთ სახლში კიდევ აქტუალურია“, – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

შოთა რეხვიაშვილის თქმით, აზერბაიჯანულმა ბიზნესასოციაციამ COVID-19 ის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ერთ მილიონ ლარამდე გადარიცხა.