ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია იწყება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება.  

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაცია საბავშვო ბაღებში ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი, რომელიც პრიორიტეტული კატეგორიების აღსაზრდელთა ჩარიცხვას გულისხმობს, 12 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და 19 ივნისამდე გაგრძელდება. აღნიშნული კატეგორიებია:

ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში; საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).

ამასთან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე წელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებისთვის რეგისტრაციის წესს ამარტივებს.

სააგენტოში მისვლის ნაცვლად, სსსმ ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა 100, ფორმა 50) ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია მშობლებმა უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: kidsreg2020@gmail.com.

ელექტრონული ფოსტის იმავე მისამართზე ( kidsreg2020@gmail.com) მოხდება შესაბამისი დოკუმენტების მიღება (ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ, ასევე მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) ზემოთ მითითებული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეებისგან.

ყველა სხვა სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 19 ივნისს, 12:00 საათიდან.

რეგისტრაცია თბილისის საჯარო ბაღებში წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge. 

დარეგისტრირებული აღსაზრდელის მშობელმა საჭირო საბუთები უნდა წარადგინოს შესაბამის ბაღში. საჭირო დოკუმენტაციაა:

დაბადების მოწმობის ასლი; 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი.