"ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია" - თორნიკე რიჟვაძე მკაცრ კონტროლს აანონსებს

ბათუმში ეპიდვითარება გართულებულია, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ღონისძიება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული, უმკაცრესად გაკონტროლდება.

"ყველა, იქნება ეს ღამის კლუბები, საქორწილო-საბანკეტო დარბაზები, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმდებიან. გამორიცხული არ არის მათი დალუქვაც, რადგან ახლა გვჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რათა შევძლოთ ეპიდვითარების ეფექტური მართვა", – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 2 236 შემთხვევიდან, აჭარაში 499 შემთხვევა დადასტურდა.