ბათუმში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული დააჯარიმეს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, კოვიდინფიცირებული მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული ტ.ტ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.

"ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, COVID-19-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ტ.ტ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, იგი ბათუმში, კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს," - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.