ბავშვი პოლიციაში დარეკვისთვის ბულინგის მსხვერპლი გახდა

ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში მეექვსე კლასელ ბიჭზე, თანაკლასელების და მასწავლებლების მხრიდან შესაძლოა ბულინგის საქმეზე, საია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. გამოძიება მერვე თვეა სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ საქმე არა ძალადობის, არამედ 144 -ე მუხლის მესამე პრიმათი უნდა გაგრძელდეს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

ქალაქ ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში მეექვსე კლასელ ბიჭზე, თანაკლასელების და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ბულინგის საქმეზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. საქმეზე ამ დრომდე არაა ცნობილი ექსპერტიზის პასუხი.

საია საქმეში ორი თვის წინ ჩაერთო, და პროკურატურას რამდენჯერმე მიმართა, რათა ბავშვი დაზარალებულად ეცნოთ, თუმცა უარი მიიღეს.

სკოლის მოსწავლეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიური ექსპერტიზა მიმდინარე წლის მარტში ჩაუტარეს, თუმცა ამ დრომდე ოჯახს პასუხი არ მიუღია.

ახალციხის ერთ–ერთ სკოლაში, მეექვსე კლასელი ბიჭის ბებია და დედა, მასწავლებელსა და მოზარდის თანაკლასელებს ბავშვის მიმართ ბულინგში ადანაშაულებს. მათი თქმით, ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მოზარდმა სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. 11 წლის ბიჭზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო.